თბილისის მერია, სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე სანქციებს ამკაცრებს
ამობეჭდვა · 15 / 07 / 2020 11:59
თბილისის მერია, სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე სანქციებს ამკაცრებს

თბილისის მერია, სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე სანქციებს ამკაცრებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დღეს ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ნარჩენების მართვის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, ხოლო იურიდიულის მიმართ 10-ჯერ გაიზარდა. სამედიცინო ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქცია გაზრდილია 10-ჯერ“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ჯარიმების ოდენობას, სახიფათო (სამედიცინო) ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 500 ლარის ნაცვლად, დაჯარიმდება - 5 000 ლარით, იურიდიული პირი 1 000 ლარის ნაცვლად - 10 000 ლარით, ხოლო სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 200 ლარის ნაცვლად - 5 000 ლარით, იურიდიული პირი კი - 1 500 ლარის ნაცვლად, 15 000 ლარით დაჯარიმდება.