ომბუდსმენი ლუკა სირაძის საქმეზე - ვხედავთ არა მარტო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ასევე, სხვა ტიპის გადაცდომებს
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2020 17:51
ომბუდსმენი ლუკა სირაძის საქმეზე - ვხედავთ არა მარტო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ასევე, სხვა ტიპის გადაცდომებს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით, იკვეთება სავარაუდო გადაცდომები და დანაშაული, რომელთა კვალიფიკაცია ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საქმეზე შესაძლოა ცრუ ჩვენება ან სავარაუდო ზეგავლენის ფაქტი იკვეთებოდეს.

"როგორც მოგეხსენებათ, უახლოეს პერიოდში უკვე უნდა იყოს განაჩენი ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, სასამართლოს განაჩენი ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს, რადგან ჩვენც ვსწავლობთ ამ საქმის მასალებს და ნამდვილად ვხედავთ არა მარტო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ასევე, სხვა ტიპის გადაცდომებს, რომელსაც დიდი ალბათობით, ადგილი ჰქონდა პოლიციის განყოფილებაში. ასევე, ჩვენ შევისწავლით როგორი იყო შიდა ინსპექციის რეაგირება შსს-ში იმიტომ, რომ როგორც საქმის მასალებიდან გამომდინარე ვიცით, ბავშვის მიმართ ზეწოლას ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ უშუალოდ ბრალდებულის მხრიდან, არამედ სხვა ჩართული პოლიციელების მხრიდანაც. ასევე, ვფიქრობთ, შესაძლებელია ამ საქმეში ადგილი ჰქონდეს ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევასაც, რადგან არის გარკვეული ეპიზოდები, როდესაც შეცვლილია ჩვენებები. ასევე, ვფიქრობთ, საქმის მასალებში იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის მხრიდან მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლისა და ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, რასთან დაკავშირებითაც ბრალი წარდგენილი არ არის, თუმცა, ჩვენი რეკომენდაცია ამ მიმართულებით იყო გამოძიების მისამართით, რომ ეს ვერსია და ბრალის წარდგენის შესაძლებლობა განეხილათ. ვფიქრობ, პირველი ინსტანციის განაჩენი ბევრ რამეს გასცემა პასუხს, მათ შორის ცრუ ჩვენებასთან დაკავშირებით ვნახავთ, სასამართლო გაიზიარებს თუ არა ამ არგუმენტებს და დაადგენს თუ არა, რომ ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა მოწმემ ჩვენება შეცვალა და გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა. ამიტომ, ერთი მხრივ, ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მეორე მხრივ, ვფიქრობთ, არის სხვა პირების მხრიდან გადაცდომები თუ სავარაუდო დანაშაულები ჩადენილი, რომელთა მიმართაც ჯერჯერობით კვალიფიკაცია დადგენილი არ არის"-განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით გასული წლის დეკემბერში, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ დაასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

interpressnews.ge