კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტს განათლების მინისტრმა ტელეფონით პირადად აცნობა, რომ გამოცდების ჩაბარებას შეძლებდა
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2020 18:26
კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტს განათლების მინისტრმა ტელეფონით პირადად აცნობა, რომ გამოცდების ჩაბარებას შეძლებდა

კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი ანა ონიანი აცხადებს, რომ პირადად განათლების მინისტრისგან შეიტყო, რომ გამოცდების ჩაბარებას შეძლებდა.

ანა ონიანი განათლების სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის. ამასთან, აბიტურიენტი აღნიშნავს, რომ თავს კარგად გრძნობს.

„თავს კარგად ვგრძნობ, უმნიშვნელო სიცხე მაქვს. გუშინ დამირეკა განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა. საუბრისას მოგვისწრო განათლების მინისტრმა და ბარემ გაგესაუბრებაო. მან მაცნობა იმის შესახებ, რომ გამოცდების ჩაბარება შემეძლებოდა. ძალიან ბედნიერი და ძალიან მადლიერი ვარ თითოეული მათგანის, ასევე პრემიერ-მინისტრისაც, რომელმაც დღეს გააკეთა განცხადება ჩემზე, ძალიან მიხარია. ახლაც ვმეცადინეობ ხვალინდელი გამოცდისთვის“, – განუცხადა ანა ონიანმა საქართველოს პირველ არხს.

ამასთან, ონიანმა აღნიშნა, რომ ქართულის გამოცდის შემდეგ ოჯახის ერთ-ერთ წევრთან მივიდა, რომელსაც მოგვიანებით ვირუსი დაუდასტურდა.

„მანამდე ვირუსი არ ჰქონია“, – დასძინა ანა ონიანმა.

აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება და მას დარჩენილი ერთი საგნის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.