ტაბახმელაში, ერთ-ერთ კედელზე ოთხფეხა გმირი - ლაქი დახატეს
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2020 20:02
ტაბახმელაში, ერთ-ერთ კედელზე ოთხფეხა გმირი - ლაქი დახატეს

მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტაბახმელის ცენტრში, ერთ-ერთ კედელზე ჰასკის, სახელად ლაქის, რომელმაც ბავშვი გადაარჩინა, გრაფიკული ნამუშევარი დაიხატა. შემთხვევა 11 ივლისს მოხდა, როცა 5 წლის ბავშვი ლაქიმ გიურზას კბენისგან გადაარჩინა. სამწუხაროდ, ლაქი თავად დაშავდა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს.

მთაწმინდის რაიონის გამგებლის, დავით კირკიტაძის ინიციატივით, ოთხფეხა გმირის გრაფიკული ნამუშევრის დახატვა სწორედ ტაბახმელაში დაიგეგმა. დასრულებული სამუშაოები გამგებელმა, ლაქისთან და მის პატრონებთან ერთად მოინახულა.

„ლაქის ისტორიამ გულგრილი არ დაგვტოვა და ვეცადეთ სიმბოლური დატვირთვა მიგვეცა ამ ამბისთვის. ნამდვილად წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინა ლაქიმ და უშიშრად გაუმკლავდა გიურზას. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ძაღლები ადამიანების ნამდვილი მეგობრები არიან. ჩვენ არაერთი მსგავსი ისტორია გვსმენია და მიხარია, რომ ახლა ყველა გამვლელი, რომელიც ამ ნამუშევარს ნახავს, შეიტყობს ლაქის შესახებ და ეს ისტორია არასდროს დაგვავიწყდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სამუშაოები ჩატარდა კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, რომელზეც მხატვარმა, გიორგი გამეზარდაშვილმა იმუშავა.