ეს არ არის მარტო თვითმკვლელობა, ძალიან სერიოზულ რაღაცასთან ვდგევართ - მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე
ამობეჭდვა · 25 / 07 / 2020 12:54
ეს არ არის მარტო თვითმკვლელობა, ძალიან სერიოზულ რაღაცასთან ვდგევართ - მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე

ეს არ არის მარტო თვითმკვლელობა, ძალიან სერიოზულ რაღაცასთან ვდგავართ, - ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

ადვოკატი საქმის მასალების გასაცნობად ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში გვიან ღამემდე იმყოფებოდა. როგორც ირკვევა, პროგრამისტის გარდაცვალების საქმე მრავალტომიანია.

ადვოკატმა უკვე შეისწავლა ჩვენებების ნაწილი. მასალები სამედიცინო ექსპერტიზის პირველად დასკვნასაც მოიცავს, საქმეში დევს ფოტომასალაც, რომელიც სოფელ მაწევანთან, იმ ადგილასაა გადაღებული, სადაც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ ცხედარი აღმოაჩინეს.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დაყენებულია შუამდგომლობა, რათა ამოღებული იქნას ანძებიდან, ბოლოს ვისთან ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია გარდაცვლილს.

"ჩემი კითხვები დაკავშირებულია პირველ რიგში 5-დღიან ძებნასთან, რომელიც მიმდინარეობდა და თუ გამოყენებულია დრონი, მე მაინტერესებს, ამ დრონის ჩანაწერები, რა ადგილებია მოძიებული, რომელ ადგილებში მიმდინარეობდა ძებნა. ამას მე ვითხოვ და ამაზე მიმდინარეობს ახლა გარკვეული საკითხების შეჯერება. გუშინ გავეცანი გარკვეულ საკითხებს, გარკვეულ ჩვენებებს და ამ ჩვენებებთან დაკავშირებით არის კითხვები, რომლებიც ჩემს მიერ იქნება გადამოწმებული.

მაქვს ისევ ის ეჭვი, რომ ესე მარტივად არ მოხდებოდა თვითმკვლელობა, ესე არ ხდება თვითმკვლელობა და შესაბამისად, ერთ საათში და ორ საათში გაცნობილი ჩვენებების საფუძველზე, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. არ იცით რასთან გვაქვს საქმე და ვერ გაიგებთ ამას ჯერჯერობით. კარგად გაიგეთ ჩემი. ეს არ არის მარტო თვითმკვლელობა, ძალიან სერიოზულ რაღაცასთან ვდგავართ," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

rustavi2.ge