პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები დამნაშავედ ცნეს
ამობეჭდვა · 27 / 07 / 2020 21:30
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების - დ.ქ.-ს და ი.გ.-ს, ასევე მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის - ლ. ქ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და სამივე პირი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მესამე ნაწილით დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2006 წლის ივნისი-ივლისის თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მიმართ გააქტიურებულიყო მეთვალყურეობა და გაძლიერებულიყო კონტროლი მის საცხოვრებელ სახლებზე, დაცვასა და მასთან დაახლოებულ პირებზე. აღნიშნული ქმედებები უკავშირდებოდა მის პოლიტიკურ აქტივობას, რაც მიუღებელი იყო იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის და აღიქმებოდა მაღალი რისკის საფრთხედ.

2006 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა, რაც სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს გულისხმობდა. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა გამაფრთხილებელ აქციას და მიზნად ისახავდა პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტას.

ღონისძიების ჩატარებამდე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დავალება მიეცა ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს ჯ.შ.-ს, ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მოეხსნა მორიგე პოლიციის თანამშრომლების ჯგუფები. ჯ.შ.-მ ღონისძიების დაწყებამდე, ბადრი პატარკაციშვილის კომენდანტი გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმის თაობაზე.

ეს ფაქტი ცნობილი გახდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისთვის, რის შემდეგაც ჯ.შ.-ს დასჯის მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის - გ.დ.-ს ორგანიზებით შემუშავებ იქნა ჯ.შ.-ს განზრახ უკანონოდ დაკავების გეგმა, რომლის განხორციელებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები - ლ.ქ., დ.ქ. და ი.გ.

გეგმის რეალიზაციის მიზნით, დაბა ურეკში, გ.დ.-ს ნდობით აღჭურვილმა პირმა - ბ.ბ.-მ მოახდინა თ.წ.-ს მობილური ტელეფონის და ძვირფასეულობის ქურდობის ინსცენირება, რის გამოც იგი დააკავეს და მიიყვანეს ურეკის პოლიციის შენობაში, სადაც მან მიიყენა თვითდაზიანება და ფაქტის ჩადენაში, ასევე სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებაში ურეკის პოლიციის უფროსი ჯ.შ. და თ.წ. ამხილა.

გ.დ.-ს ორგანიზებით განხორციელებული ქმედებების და ხელოვნურად შექმნილი გარემოებების/მტკიცებულებების საფუძველზე, ჯ.შ. დაკავებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ,,დ“ და სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ უკანასკნელს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ ი.გ.-მ და დ.ქ.-მ დაკავებისთანავე აღიარეს ჩადენილი დანაშაული და დანაშაულის ჩადენაში ამხილეს თანამონაწილეები, ასევე, დაზარალებულმა განაცხადა თანხმობა მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე, პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ი.გ.-ს და დ.ქ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით და 3 წლის ვადით პირობითი მსჯავრი.

ლ.ქ. სასამართლომ სრულად ცნო დამნაშავედ სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება გ.დ.-ს, მისი დაკავება ნიდერლანდების სამეფოში მოხდა, რის შემდეგაც განხორციელდა მისი ექსტრადირება საქართველოში. შესაბამისად, გ.დ.-ს მიმართ დევნის დასაწყებად, ტარდება საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურები.