პაატა იმნაძე - შეშფოთებას იწვევს, რომ ქვეყანაში შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები გამოჩნდა
ამობეჭდვა · 28 / 07 / 2020 11:12
პაატა იმნაძე - შეშფოთებას იწვევს, რომ ქვეყანაში შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები გამოჩნდა

ჩვენში ცოტა შეშფოთებას იწვევს, რომ ქვეყანაში შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები გამოჩნდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „ახალ დღეში“ განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, გამოიკვეთა ახალი კლასტერები – ლილოს ბაზრობა და გაჩიანი.

„ახალ კორონავირუსს ცალკე ქვეყანა ვერ დაამარცხებს, მთელმა დედამიწამ ერთად უნდა დაამარცხოს. მარტო საქართველო კორონას ვერ მოერევა. ვიდრე კორონა იქნება დედამიწაზე, ჩვენთანაც ყოველთვის იქნება ეპიდემიის რისკი. ჩვენში ცოტა შეშფოთებას იწვევს, რომ ქვეყანაში გამოჩნდა შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები, არის ახალი კლასტერები – ლილო, გაჩიანი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ შემოტანილი შემთხვევები იყო, ჩვენი მოქალაქეების შემოტანილი, რომლებიც ბრუნდებიან საზღვარგარეთიდან, ასევე არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებიც ერთი წუთით არ გაჩერებულან. ეს არის სავაჭრო არტერიები და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ გზების გაჩერება. ამაზე მკაცრი კონტროლი გვაქვს. ბევრი უკმაყოფილოა კარანტინის რეჟიმის გამო, როცა ქვეყანაში ჩამოდიან, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ შემთხვევების დაახლოებით მესამედი, რაც არის ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული, სწორედ კარანტინის ზონებიდან არის გამოვლენილი. ეს ადამიანები თავიანთ ოჯახებში რომ მისულიყვნენ, გავრცელება იქნებოდა უფრო მაღალი. პირველ რიგში როგორ ვრცელდება ეს დაავადება – ახლო კონტაქტებით, ხანგრძლივი კონტაქტებით, ეს არის ოჯახის წევრები და სამუშაო ადგილებზე ახლო წრე. ამიტომაც გვაშფოთებს ეს შემთხვევები“, – განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, დღესაც ხუთი ჯგუფი იმუშავებს ლილოში, ამდენივე გაჩიანში, რათა მაქსიმალურად მოხდეს ყველა შესაძლო ინფიცირებულის გამოვლენა, დროულად მოხდეს მათი იზოლაცია, მკურნალობა, კონტაქტების გამოვლენა და მათზე დაკვირვება.

„ჩვენი რუტინული სამუშაო გრძელდება. ერთი თხოვნა მაქვს ჩვენი ყველა მოქალაქისადმი, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს კოლეგებს, ეპიდემიოლოგებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ყველგან არიან საქართველოში, სადაც გამოკვლევა არის საჭირო. მოსახლეობისგან ერთი რამ არის საჭირო, დაგვთანხმდნენ გამოკვლევაზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მთლიანობაში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 927 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 ადამიანი კი დაიღუპა.