გარემოს ეროვნული სააგენტო - რაჭაში განმეორებით წყალმოვარდნის საშიშროება არ არის
ამობეჭდვა · 31 / 07 / 2020 17:47
გარემოს ეროვნული სააგენტო - რაჭაში განმეორებით წყალმოვარდნის საშიშროება არ არის

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, რაჭაში განმეორებით წყალმოვარდნის საშიშროება არ არის.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ონის მუნიციპალიტეტში 28-29 ივლისს განვითარებული სტიქიური მოვლენების მიზეზებს ადგილზე სწავლობენ.
წინასწარი შეფასებით, სტიქიური მოვლენები ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული. უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა და მყინვარების თანდართულმა ინტენსიურმა დნობამ ონის, უწერას, შოვის, გლოლასა და ღების მონაკეთებზე მდ. რიონისა და მისი შენაკადების ადიდება გამოიწვია.

~სტიქიის დროს, 12 საათში მოსული ნალექების რაოდენობამ 84 მმ-ს მიაღწია; შოვის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, წყლის ხარჯმა ქ. ონთან 507მ³/წმ შეადგინა.

ამ ეტაპზე, მდ. რიონის აუზში წყლის დონის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება. პირველადი შეფასებით, სტიქიის ზონაში წყლის დაგუბებები არ ფიქსირდება, რაც ამ დროისათვის განმეორებით წყალმოვარდნის საშიშროებას არ ქმნის.

სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი სტიქიის ადგილზე რჩება და მიმდინარე პროცესზე უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს. სპეციალისტები მოამზადებენ რეკომენდაციებს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.