შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6-ვე არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში დატოვეს
ამობეჭდვა · 31 / 07 / 2020 18:26
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6-ვე არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6-ვე არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში დატოვა. გამოძიება მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.

არასრულწლოვან ბრალდებულთა საქმე გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმიდან "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის" მოთხოვნათა შესაბამისად გამოყო. ამ კანონით არასრულწლოვანთა წინასასამართლო სხდომა უნდა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

დაკავებულების ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სხდომაზე მათი დაცვის ქვეშ მყოფთათვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლას მოთხოვდნენ. 

ადვოკატებმა დღეს დააყენეს კიდევ ერთი შუამდგომლობა მოსამართლის აცილების მოთხოვნით, ამის მოტივად არასრულწლოვნების უფლებების დამცველები იმ გარემოებას ასახელებენ, რომ სწორედ აღნიშნული სხდომის მოსამართლემ შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ექვს არასრულწლოვანს. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.