პროკურორებისთვის და გამომძიებლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე HELP-ის დისტანციური კურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
ამობეჭდვა · 31 / 07 / 2020 18:57
პროკურორებისთვის და გამომძიებლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე HELP-ის დისტანციური კურსის დასკვნითი ღონისძიება  გაიმართა

პროკურორებისთვის და გამომძიებლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე HELP-ის დისტანციური კურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კურსის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროგრამაში ჩართულ პროკურორებს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ვაჰაგ მურადიანმა და ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის პოლიტიკის გენდერულმა მრჩეველმა სარა ჰააპალაინენმა მიმართეს.

ღონისძიების ფარგლებში მომხსენებლებმა და კურსის მონაწილეებმა ერთობლივად შეაჯამეს განხორციელებული სასწავლო პროგრამის შედეგები. ასევე, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და განსაზღვრეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა განაცხადა, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში დანაშაულის მიმართულებით არსებობს ბევრი მიღწევები თუმცა, კვლავ რჩება გამოწვევებიც.

„ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში დანაშაულის მიმართულებით გაიზარდა დაზარალებულთა მომართვიანობა, გამომდინარე აქედან, ყოველთვის არსებობს საჭიროება ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების, რასაც ემსახურება სწორედ ჰელფ-ის დისტანციური კურსები, რომელიც უკვე რამდენიმე წელია დანერგილია პროკურატურის სისტემაში ევროპის საბჭოს დახმარებით“ - განაცხადა ნათია მერებაშვილმა.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე აღნიშნული კურსი რიგით მეოთხეა, რომელიც პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლებისთვის HELP-ის პლატფორმის გამოყენებით ხორციელდება. სამთვიანი სწავლება თეორიულ
საკითხებთან ერთად დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და მოიცავს როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოს და პრეცედენტულ სამართალს.

სწავლება ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. ამ მიმართულებით პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.