რაჭაში საავტომობილო მოძრაობა 7 სოფელთან უკვე აღდგენილია - გზების დეპარტამენტი
ამობეჭდვა · 01 / 08 / 2020 16:31
რაჭაში საავტომობილო მოძრაობა 7 სოფელთან  უკვე აღდგენილია - გზების დეპარტამენტი

რაჭაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა 7 სოფელთან. ჯერჯერობით, 5 სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე. სოფლების ნაწილთან კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით. 2 სოფელთან - ჯინჭვისთან და გონასთან გუშინ მოხერხდა მიმოსვლის აღდგენა საავტომობილო ხიდთან დროებითი გადასასვლელის მეშვეობით.

როგორც „მედიამოლს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ონის რაიონში მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად სამუშაოები მიმდინარეობს, ეწყობა დროებითი გადასასვლელები, იმისათვის, რომ საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი გახდეს.

დროებითი გადასასვლელებით აღდგენილია 118-ე და 127-ე კმ-ზე ჩაწყვეტილი მონაკვეთები, რომლის საშუალებითაც სპეციალური ტექნიკის ასვლა გახდა შესაძლებელი 128-ე კმ-ზე მდებარე ერთ-ერთ რთულ ჩაშლილ მონაკვეთთან. 128-ე კმ-ზე გზის აღდგენის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ამ მონაკვეთიდან საგლოლოს ხიდამდე სამუშაოები ჩასატარებელია კიდევ 3 ჩაწყვეტილი გზის აღსადგენად, ხოლო საგლოლოს ხიდიდან კიდევ 2 მონაკვეთზე (ხიდთან მისასვლელი გზის და ღების მიმართულებით) ჩაწყვეტილი გზის აღსადგენად.

საერთო ჯამში, ჩამოშლილი მონაკვეთების სიგრძე დაახლოებით 2 კმ-ია.

მათივე ინფორმაციით, უკვე აღდგენილია 11 სოფლის ელექტრომომარაგება და გრძელდება დაზიანებულ უბნებზე მუშაობა. ელექტროგადამცემი სისტემების საბოლოო გამართვამდე, „ენერგო - პრო ჯორჯიას" სპეციალისტები მუშაობენ რამდენიმე სოფლისთვის ელექტროენერგიის გარკვეული პერიოდულობით გენერატორების საშუალებით მიწოდების უზრუნველსაყოფად.

სტიქიის ზონაში სრულად არის აღდგენილი "მაგთის" კავშირგაბმულობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენებით გრძელდება, როგორც გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან ონში გადმოსვლის მსურველთა გამოყვანა, ისე დარჩენილი მოსახლეობისთვის სურსათისა და სხვა საჭირო ნივთების მიწოდება.

დღეს შესრულებული 9 რეისით სოფლებიდან ონში გადმოყვანილია 80-მდე ადამიანი.

სტიქიის ზონაში აგრძელებენ მუშაობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას", შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.