დღეს ე.წ. ელიავას ბაზრობაზე კორონავირუსზე კვლევები ჩატარდება - ამირან გამყრელიძე
ამობეჭდვა · 02 / 08 / 2020 10:30
დღეს ე.წ. ელიავას ბაზრობაზე კორონავირუსზე კვლევები ჩატარდება - ამირან გამყრელიძე

დღეს თბილისში, ე.წ. „ელიავას ბაზრობაზე“ ადამიანებს კორონავირუსზე გამოიკვლევენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ელიავას ბაზრობაზე დაახლოებით 500-500 ადამიანი უნდა გამოვიკვლიოთ. ასევე, ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება. დაახლოებით 4300-მდე ადამიანია გამოკვლეული. გუშინ და დღეს დავიწყეთ კვლევები, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, დინამოს ბაზრობაზე. აქ ინფექციაზე ტესტირება 300-მდე პირს ჩაუტარდა და არც ერთი დადებითი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამიტომ ვფიქრობთ, ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა მართვადია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, სასურველია, მოსახლეობამ ოქტომბერში გრიპის საწინააღმდეგო აცრები დროულად ჩაიტაროს.

„კორონავირუსის მეორე ტალღისთვის სერიოზულად ვართ მომზადებული. თუმცა იქნება თუ არა ეს, არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შემოდგომისთვის უნდა მოვემზადოთ. ამ სეზონზე, დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში, გრიპი განსაკუთრებით აქტიურდება. ამიტომ, სასურველია, მოსახლეობამ ოქტომბერში გრიპის საწინააღმდეგო აცრები დროულად ჩაიტაროს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 171 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 947-ს შეადგენს. გარდაცვლილია - 17, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.