საქართველოს მოქალაქეებისთვის კომუნალური დახმარების პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება
ამობეჭდვა · 06 / 08 / 2020 11:18
საქართველოს მოქალაქეებისთვის კომუნალური დახმარების პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება

იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე, ანტიკრიზისული გეგმის მე-3 ეტაპზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, პრინციპი იქნება იგივე და 200 კვ საათამდე ელექტროენერგია და 200 მ3-მდე გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. გიორგი გახარიას თქმით, შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პროგრამულად, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი.


„მე-3 ეტაპი გახლავთ უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ყველა ვხედავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი იქნება გრძელვადიანი. ჩვენ არ ვსაუბრობთ კრიზისზე წლის ბოლომდე, ჩვენ გვესმის, რომ შემდეგი ორი წელიც საკმაოდ რთული იქნება გლობალურად ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, საქართველო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა რეგიონში და გლობალური ეკონომიკის ნაწილი, ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ ამ კრიზისის ზეგავლენა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.