ექსპერტ-კრიმინოლოგი: პერიოდულად დანაშაულის სტატისტიკა აქტუალური ხდება საქართველოში, ყოველი ასეთი გააქტიურებისას ჩნდება შანსი, რომ განვახორციელოთ საჭირო რეფორმები
ამობეჭდვა · 12 / 08 / 2020 10:43
ექსპერტ-კრიმინოლოგი: პერიოდულად დანაშაულის სტატისტიკა აქტუალური ხდება საქართველოში, ყოველი ასეთი გააქტიურებისას ჩნდება შანსი, რომ განვახორციელოთ საჭირო რეფორმები

ექსპერტ-კრიმინოლოგი, შალვა საღირაშვილ სოციალურ ქსელში, საქართველოში კრიმინალის გაზრდილ სტატისტიკასთან დაკავშირებით,  სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"პერიოდულად დანაშაულის სტატისტიკა აქტუალური ხდება საქართველოში, ყოველი ასეთი გააქტიურებისას ჩნდება შანსი, რომ განვახორციელოთ საჭირო რეფორმები რათა სტატისტიკა გახდეს უფრო სანდო და დაცული მანიპულაციებისგან. (საქართველოში დანაშაულის სტატისტიკით მანიპულირების დიდი გამოცდილება გვაქვს).

აქ ჩამოვწერ იმ საჭირო ქმედებებს, რომელთა განხორციელება ჩემი აზრით აუცილებელია უკეთესი, ზუსტი და მანიპულაციებისგან დაცული დანაშაულის სტატისტიკის საწარმოებლად:

1. ქვეყანას უნდა ჰქონდეს დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი, თუნდაც კანონქვემდებარე აქტით რეგულირებული მეთოდოლოგია, რათა აღმოიფხვრას ციფრებით მანიპულირების შესაძლებლობა;

2. სხვადასხვა უწყების სტატისტიკური მონაცემები უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული, რაც ერთიანი სურათის დანახვის საშუალებას იძლევა, + ართულებს სტატისტიკური მონაცემების მანიპულირების შესაძლებლობას;

3. პერიოდულად უნდა გაკეთდეს დანაშაულის სრულფასოვანი, დეტალური ანალიზი და გამომწვევი მიზეზების კვლევა, რაც საფუძვლად დაედება პრევენციული ღონისძიებების სწორად დაგეგმვას, ან უკვე არსებული პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასებას;

4. სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა იყოს ანალიზზე დაფუძნებული, რაც ბუნებრივია, დადებითად აისახება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე. (ეს მთლად სტატისტიკის სანდოობას არ ეხება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია).

მოკლედ რომ შევაჯამო, სასწრაფოდ გვჭირდება:

სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგიის დანერგვა, სტატისტიკის ელექტრონული მოდულების დახვეწა და ერთმანეთთან დაკავშირება და ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავება", - წერს საღირაშვილი ფეისბუქგვერდზე.