მესტიაში გამოკვლეული 600 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა
ამობეჭდვა · 12 / 08 / 2020 21:31
მესტიაში გამოკვლეული 600 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელიც ლენჯერის კლასტერს უკავშირდება.

"პირველ არხთან" საუბარში გამყრელიძემ აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის ერთი ახალი შემთხვევა 600 პირის გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა.

„დღეს დასრულდა 600 ნიმუშის ტესტირება და იქიდან მხოლოდ ერთი დადებითია. ისიც უკავშირდება ლენჯერის კლასტერს. ჯერჯერობით, ვიდრე დარჩენილი კიდევ 300 ნიმუშის პასუხი იქნება, შეგვიძლია, ვთქვათ რომ ინფექცია ძირითადად კონცენტრირებულია ამ თემის ერთ-ერთ დასახლებაში. ამიტომ, იმ დასახლებაში მკაცრი საკარანტინო ზომები ტარდება, შესვლა-გამოსვლა სრულად აკრძალულია.

დაახლოებით ერთ საათში ალბათ გუშინდელი ტესტებიდან დარჩენილი 300 ტესტის პასუხიც იქნება. შემდგომ უკვე დღევანდელი 800 ტესტის პასუხები. უკვე დღევანდელი ნიმუშების ტესტირების შემდეგ გვექნება კარგი სურათი, თუ რა ხდება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში. იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.