პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2020 10:25
პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული რ.ჯ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა რ.ჯ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევთან, ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის ავტომობილისა და პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო 48 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.