სამების ტაძარში 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს დაღუპული და იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2020 19:25
სამების ტაძარში 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს დაღუპული და იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს დაღუპული და იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

13 პირის იდენტიფიცირება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა.

კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირიდან ხვალ ორ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენებენ.

სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, ასევე – ოპოზიციის წარმომადგენლები.

„ზოგადად წითელი ჯვრის ეგიდით შექმნილი ჰუმანიტარული მექანიზმების ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჩართულია სახელმწიფო მინისტრის აპარატი. წლების წინ შეიქმნა ეს ფორმატი, თუმცა პირველი იდენტიფიცირება მოხდა 2013 წელს და მას მერე მიმდინარეობს ეს პროცესი. სულ იდენტიფიცირებულია და გადმოსვენებულია 191 პირი, რომლებიც დაიღუპნენ საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტებისას.მათ შორის არიან როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სამოქალაქო პირები. დღეს ჩვენ გქვონდა შესაძლებლობა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შევხვედროდით ამ ეტაპზე რვა სამხედრო და ხუთი სამოქალაქო, იდენტიფიცირებული პირის ოჯახს, რომელთაც კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ და კიდევ ერთხელ პატივს მივაგებ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. ორმხრივი მექანიზმის ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმის ფარგლებში ნაპოვნია 563 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 191.