მთაწმინდაზე სულხან-საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 31 / 08 / 2020 14:56
მთაწმინდაზე სულხან-საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთაწმინდის ქ. N4-ში, სულხან-საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყობა.

პროექტის ფარგლებში, 1800 კვ. მ ფართობზე საბავშვო ზონები განთავსდება. მოეწყობა დეკორატიული შადრევანი, საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა. სრულად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სიტემა. ტერიტორიაზე საპარკე სკამები და ურნები დამონტაჟდება. სკვერში მწვანე საფარი სრულად შენარჩუნდება. ასევე, ახალი ნარგავები გაშენდება. 

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ დაათვალიერა.

„სულხან-საბას სახელობის სკვერი ისტორიული ადგილმდებარეობისაა და რეკრეაციული სივრცეების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. რაც მთავარია, ის ყველა თაობის ადამიანისთვის საყვარელი დასასვენებელი სივრცე გახდება და ქალაქს ევროპული სტანდარტების შესაბამისი სკვერი შეემატება. სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

მიმდინარე სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 688 737 ლარია გამოყოფილი.