საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის ბათუმის რაიონული სამსახურის მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა
ამობეჭდვა · 10 / 09 / 2020 15:45
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის ბათუმის რაიონული სამსახურის მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბათუმის რაიონული სამსახურის ერთ-ერთ მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგიური სამსახურმა ინფიცირების წყაროს კვლევა დაიწყო. ამ დროისთვის, იდენტიფიცირებულია მედიკოსის კონტაქტები, რომლებიც იზოლაციასა და კარანტინში იმყოფებიან.

კოვიდ-19-ზე ტესტირება პერიოდულად უტარდება ბათუმის სასწრაფო დახმარების სრულ მედპერსონალს, რომელთაგანაც ინფექცია არავის დაუდასტურდა. ამჟამად, დამატებით პრევენციისთვის, კვლავ ტარდება განმეორებითი კვლევა ვირუსზე.

ინფიცირებული მედიკოსი ბოლოს 4 სექტემბერს მორიგეობდა, რა დროისთვისაც მას უკვე ჩატარებული ჰქონდა ლაბორატორიული კვლევა კოვიდ-19-ზე და ვირუსი არ დაუდასტურდა. შესაბამისად, დაინფიცირების პერიოდში, მას მოსახლეობისთვის ბინაზე გადაუდებელი დახმარება არ გაუწევია.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟები კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებს სპეციალური აღჭურვილობით ასრულებენ. მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდება უსაფრთხოების ყველა ნორმის გათვალისწინებით მიმდინარეობს.

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.