ცაგერის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო
ამობეჭდვა · 10 / 09 / 2020 18:08
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ორბელსა და ლაჯანაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე ჩაუტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება.

პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს აქტიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.

აღსანიშნავია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას ვირუსის გავრცელების აღმოსაფხვრელად მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან.