ახალგაზრდა ქალმა ლეღვის ნახარშით სხეულის 35% დაიწვა
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2020 11:38
ახალგაზრდა ქალმა ლეღვის ნახარშით სხეულის 35% დაიწვა

32 წლის ქალმა ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობა მიიღო. ის ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გუშინ შეიყვანეს. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტს სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი და მიღებული აქვს მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა.

მისი თქმით, წელს ეს ლეღვის ნახარშით დამწვრობის მეოთხე შემთხვევაა.

ქაშიბაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უარი თქვან ლეღვის ნახარშით რუჯის მიღებაზე.

„დამწვრობის ცენტრში გუშინ შემოვიდა 32 წლის ქალბატონი. ლეღვის ფოთლის ნახარშის წასმის შედეგად, მეორე – მესამე ხარისხის ქიმიური დამწვრობა აქვს მიღებული, საერთო ფართობით 35 პროცენტი. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული დაზიანება აქვს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გააგრძელებს ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობას. წელს ეს არის მეოთხე შემთხვევა. გვეგონა, რომ ზაფხული მიილია და მსგავსი შემთხვევები არ გვექნებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მივიღეთ მეოთხე შემთხვევა. ზაფხულში ლეღვის ნახარშის წასმის შედეგად მიღებული დაზიანების სულ სამი შემთხვევა გვქონდა და ეს მეოთხე შემთხვევაა. ოთხივე შემთხვევა ქალბატონია“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

1tv.ge