2 100-მდე მასწავლებელს, რომლებიც ზაფხულში შავი ზღვის სანაპიროზე იმყოფებოდნენ, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2020 17:35
2 100-მდე მასწავლებელს, რომლებიც ზაფხულში შავი ზღვის სანაპიროზე იმყოფებოდნენ, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ

2 100-მდე მასწავლებელს, რომლებიც ზაფხულში შავი ზღვის სანაპიროზე იმყოფებოდნენ, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ზაფხულს, დაახლოებით, 2 100-მდე მასწავლებელია ნამყოფი აჭარის ზღვის სანაპიროზე. ყველა აღრიცხული გვყავს, ყველას დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაცია, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვას აქვს სიები. განათლების სამინისტროსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, რომ მოგვცეს სიები, ვინ იყვნენ შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც წელს მომატებული რისკ-ფაქტორი იყო და მათი ტესტირება განხორციელდება. სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით, აუცილებელია მასწავლებლების შესაბამისი ზედამხედველობა განხორციელდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, შემუშავებულია 45 ათასი მასწავლებლის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ლაბორატორიულად გამოკვლევის სტრატეგია.

„დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მასწავლებელი, რომელიც სკოლაში მიდის, არ არის ინფიცირების სტადიაში. იგივე სტრატეგია შემუშავდა დიდ დამსაქმებლებთან მიმართებით და მათთან ერთად ქვეყანაში ამ ტიპის გამოკვლევები ტარდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქათველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.