„რუსთავი 2-ში“ მკაცრი საკარანტინო წესები ამოქმედდა
ამობეჭდვა · 13 / 09 / 2020 15:05
„რუსთავი 2-ში“ მკაცრი საკარანტინო წესები ამოქმედდა

„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირქტორის განცხადებით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ტელევიზიაში მკაცრი საკარანტინო წესები იმოქმედებს. პაატა სალიას ინფორმაციით, გადაცემებში სტუმრების მისვლა, არსებული ეპიდვითარების გათვალისიწინებით, შეზღუდულია.

„დღეს მიმდინარეობს კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება იმ ადამიანების, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ თეონა ცხომელიძესთან ბოლო დღეებში, ასეთი დაახლოებით, სულ 60 ადამიანია.

ჩვენ შევიმუშავეთ გარკვეული პროტოკოლი, ერთი კვირის განმავლობაში, ვიდრე ე.წ საინკუბაციო პერიოდია, მაქსიმალურად გამკაცრებული გვაქვს წესები და ფაქტობრივად აკრძალული გვაქვს სტუმრების მოსვლა, თუნდაც ეზოში. ასევე აკრძალული გვაქვს გადაცემებში სტუმრების მოსვლა", - აცხადებს პაატა სალია.

ტელეკომპანიაში გუშინ ჩატარებულმა კვლევამ კორონავირუსზე უარყოფითი პასუხები აჩვენა. მანამდე, 11 სექტემბერს, „რუსთავი2“-ის ჟურნალისტსა და წამყვანს თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

90 აჭარაში დაფიქსირდა, 15 - ქუთაისში, 15 - ეგურჰესის შემთხვევაა, 17 - დაავადებულთან კონტაქტით გამოვლენილი. 4 არის შემოტანილი, 11-ზე ეპიდკვლევა გრძელდება.

გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 65 %-ს შეადგენს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2227 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.