სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2020 11:40
სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება

ახალი კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა და დააანონსა, რომ ეკონომიკური ზრდა 5%-ით შემცირდება. ამის შესახებ სსფ-ს მისიის დასრულებასთან დაკავშირებულ პრეს-რელიზშია საუბარი.

სსფ-ს გუნდმა მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით 8-14 სექტემბერს, ონლაინ, ვირტუალური ფორმით წარიმართა შეხვედრები საქართველოს ეკონომიკის და საფინანსო სექტორის ვითარების მიმოხილვის და სტრუქტურული რეფორმებში მიღწეული პროგრესის შეფასების მიზნით.

სსფ-ს მიერ აპრილში მომზადებული პროგნოზით, საქართველოში რეცესია მინუს 4%-ზე იყო ნავარაუდევი.

„მოსალოდნელია, რომ წელს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, რაც არის ჩვენ მიერ მისიის მიმდინარეობის მეექვსე მიმოხილვის დროს გაკეთებული პროგნოზი. განახლებული შეფასება ასახავს ეკონომიკური აქტივობის უფრო მძიმე შენელებას, რომელსაც ადგილი 2020 წლის მეორე კვარტალში ჰქონდა. პანდემიის თანმდევი გაურკვევლობის ფონზე, ეკონომიკაზე მოქმედი დაღმავალი ფაქტორები დომინირებენ.

ამ რისკების რეალიზების ალბათობა, მათ შორის საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში უფრო მკვეთრად გამოხატული შენელება და ტურიზმის აღდგენის დაბალი ტემპი, სავარაუდოდ საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პოლიტიკის გატარებას და მცურავი გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებას.

ეკონომიკური შოკის დასაწყისშივე, სებ-მა შეამსუბუქა კაპიტალის და საზედამხედველო მოთხოვნები, ბაზარს მიაწოდა ლარისა და უცხოური ვალუტის ლიკვიდურობა და წინასწარ სთხოვა ბანკებს დამატებითი ბუფერების შექმნა. ეკონომიკური აქტივობის შესუსტების და ინფლაციური დაწოლის კლების პარალელურად, სებ-მა მართებულად შეამცირა პოლიტიკის განაკვეთი. მოქნილი გაცვლითი კურსის პოლიტიკის შენარჩუნება კვლავ უმნიშვნელოვანესია შოკთან გასამკლავებლად“,- აცხადებს მისიის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება მთავრობის საქმიანობას, სსფ-ს მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიღებული საგარეო დაფინანსების პირობებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი მოცულობის ფისკალური პაკეტი შექმნა, რომლითაც სოციალური გასაცემლები და გადასახადების გადავადება დააფინანსა.