ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2020 11:45
ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება

10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირება და საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს ეს პროექტი, თუმცა ჩვენ მხოლოდ ამ ლოკაციით არ შემოვიფარგლებით და ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მომავალში ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა ზონალურ-საათობრივი პარკირება და ის უკვე წარმატებით დავნერგეთ რამდენიმე ლოკაციაზე. 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირება და საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს ეს პროექტი. მინდა ვისარგლებლო შემთხვევით და ყველას, ვინც სარგებლობს ზონალურ-საათობრივი პარკირებით, დიდი მადლობა გადავუხადო. მოქალაქეების მხრიდან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ მხოლოდ ამ ლოკაციით არ შემოვიფარგლებით და ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მომავალში ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე ამოქმედდება. უნდა მოვამზადოთ საინფორმაციო ჯიხურები, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ამ პროექტთან დაკავშირებით. ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა დაარეგისტრიროს თავიანთი ავტომობილები ჩვენს პორტალზე და მათთვის პარკირება საცხოვრებელი არეალიდან 100 მეტრის ფარგლებში უფასო იქნება. პარკირება ასევე უფასო იქნება შშმ პირთათვის და ელექტრომობილებისთვის. A კატეგორიისთვის ტაქსების მძღოლებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა, დანარჩენი მოქალაქეებისთვის კი პირველი 15 წუთი იქნება უფასო, შემდეგ კი ერთი საათის ღირებულება 1 ლარი იქნება. მინდა დავავალო ირაკლი ხმალაძეს, დაიწყოს მომზადება ანალოგიური პროექტის განსახორციელებლად ვაკის რაიონში. ეს იქნება აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩები, ჭავჭავაძის გამზირი და მკვეთი ქუჩები“, - განაცხადა თბილისის მერმა.