ეკატერინე ტიკარაძე: აჭარაში გამკაცრდება ღონისძიებები ნიღბის ტარებასა და დისტანცირებაზე, როგორც ტრასპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2020 16:00
ეკატერინე ტიკარაძე: აჭარაში გამკაცრდება ღონისძიებები ნიღბის ტარებასა და დისტანცირებაზე, როგორც ტრასპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში

მივიღეთ გადაწყვეტილება, აჭარაშიც გატარდეს ის მკაცრი ღონისძიებები, რომლებიც სხვა ეპიდკერებში დღემდე ხორციელდებოდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ღონისძიებების გამკაცრება ნიღბის ტარებას და დისტანცირებასაც შეეხება.

„დღეს საქართველოს მასშტაბით ინციდენტობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა აჭარაში ინციდენტობა აღემატება 14-ს, რაც საყურადღებოა. სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაშიც ჩატარდება ის გამკაცრებული ღონისძიებები, რომლებიც დღემდე ტარდებოდა სხვადასხვა რეგიონში, სადაც ეპიდაფეთქების კერა იყო. უფრო მეტად იქნება გამკაცრებული ღონისძიებები ნიღბის ტარებასა და დისტანცირებაზე, როგორც ტრასპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში. ასევე, განხორციელდება მონიტორინგი დაწესებულებების, რომლებსაც დავალებული აქვთ თითოეული ბენეფიციარის, პერსონალის მონიტორინგი თერმოსკრინინგის კუთხით, მოხდება მათი გადამოწმებაც“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს საქართველოში COVID-19-ის 196 შემთხვევა გამოვლინდა.