ივანე მაჭავარიანი: ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2020 16:05
ივანე მაჭავარიანი: ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება

ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ბოლო კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტრენდს.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეროვნულ ბანკს აქვს იმის მზაობა, რომ ლარის სტაბილურობა უზრუნველყოს.

„არაერთხელ დაამტკიცა სებ-მა პანდემიის პირობებში, რომ აქვს მზაობა, უზრუნველყოს ლარის კურსის სტაბილურობა; შოკებიდან გამომდინარე ყოველგვარი ზედმეტი გაუფასურება მოასწოროს და მის ბუნებრივ ნიშნულზე ამყოფოს ლარი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი ჩაერევა ბაზარზე არსებულ სიტუაციაში. 300 მლნ აშშ დოლარი უკვე დახარჯული აქვს, რომ რყევები და შოკები ემართა. ამ მხრივ, მგონი ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

რამდენიმე დღეა ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს. 15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი, ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით ღირებულების 2% დაკარგა.