პროკურატურამ გორში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2020 16:35
პროკურატურამ  გორში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ქალაქ გორში შურისძიების მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ თ.თ.-ს ბრალი წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 13 სექტემბერს, გორში, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თ.თ.-მ გ.ბ-ს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო თ.თ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა თ.თ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა თ.თ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.