რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2020 17:55
რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლებით დაიწყო.

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიასა და „შვიდკაცა“ ნაკრების ყოფილ კაპიტანს, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელ რამაზ ხარაზიშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, რაგბის კავშირის შენობის სადარბაზოში მომხდარ სროლას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

ადგილზე კვლავ მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები. დაპირისპირების პარალელურად „მზიურის პარკში“ მიმდინარეობდა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა. საინიციატივო ჯგუფში 30 კლუბი შედის და მათ აქვთ პრეტენზიები რაგბის კავშირის ფინანსურ საქმიანობასთან, თუმცა უკავშირდება თუ არა ინციდენტი ამ საკითხს, ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენ უნდა გაგვეგრძელებინა ჩემპიონატი, რომელიც პანდემიის გამო გაჩერდა. ამასთან დაკავშირებით ვხვდებოდით კოვიდ-მენეჯერებთან, გუნდების ექიმებთან. სწორედ ამ მიზნით ვიყავით აქ შეკრებილები“, - განაცხადა „შვიდქალა“ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ.

რამაზ ხარაზიშვილი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული, ის ცეცხლსასროლი იარაღით წვივშია დაჭრილი. ამ წუთებში მას ოპერაციას უტარდება.

„შემოიყვანეს 32 წლის კაცი ცეცხლნასროლი ჭრილობით მარცხენა წვივის არეში. შემოყვანისას პაციენტი იყო სტაბილური, მას ჩაუტარდა სრული დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები, ძვალი დაზიანებული არაა. პაციენტი გადაყვანილია საოპერაციოში, მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა და უცხო სხეულის ამოღება. ოპერაციის შემდეგ პაციენტს ინტენსიური მოვლა არ დასჭირდება“, - აცხადებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი ნათია ნუცუბიძე.

არსებული ინფორმაციით, „შვიდკაცა“ ნაკრების ყოფილი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ დაჭრა.