ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, მარია კოლესნიკოვას ბრალი წაუყენეს
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2020 19:31
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, მარია კოლესნიკოვას ბრალი წაუყენეს

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრს, მარია კოლესნიკოვას ხელისუფლების ხელში ჩაგდების ან კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი გზით შეცვლის შესახებ საჯარო მოწოდებების გაკეთებაში ბრალი წაუყენა.

„დღეს გამომძიებლებმა მარია კოლესნიკოვას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით, რომელიც მედიასაშუალებებისა და ინტერნეტის გამოყენებით ისეთი ქმედებების შესრულების მოწოდებებს შეიცავს, რაც ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებაზეა მიმართული. იგი პატიმრობში რჩება. გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებში.

ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

9 სექტემბერს ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები, მარია კოლესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი, დააპატიმრეს. ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერებს ბრალად ხელისუფლების მიტაცების შესახებ მოწოდებების გაკეთება ედებათ. 7 სექტემბერს მინსკში ოპოზიციის ლიდერი, მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს. მეორე დღეს მისი უკრაინაში იძულებით გადაყვანა სცადეს, მაგრამ მან საზღვარზე თავისი პასპორტი დახია.