სერვისების განვითარების სააგენტომ ელექტრონული ატესტატების გაცემა დაიწყო
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2020 20:25
სერვისების განვითარების სააგენტომ ელექტრონული ატესტატების გაცემა დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ელექტრონული ფორმით გაცემა დაიწყო.

როგორც სერვისების განვითარების სააგენტოში აღნიშნავენ, ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია.

„სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დანერგილი ამ სიახლის მიზანია, მის მიერ გაცემული სერვისებით სარგებლობის გამარტივება და ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც მომხმარებლის დროისა და რესურსის დაზოგვას უზრუნველყოფს.

ელექტრონული ატესტატის მიღებამდე, სკოლადამთავრებულმა თავდაპირველად სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადი უნდა გააკეთოს იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში. მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ, მას შეეძლება, ნებისმიერ დროს, ადგილიდან გაუსვლელად, ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატი ჩამოტვირთოს განცხადების ჩაბარების დროს მისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით და გადააგზავნოს საჭიროებისამებრ. პირმა შეიძლება, ელექტრონული ატესტატით ისარგებლოს იმის მიუხედავად, ის გაიტანს თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს.

ამასთანავე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ელექტრონულ პორტალ my.gov.ge-ზე ატესტატის ელექტრონული ასლის ვალიდურობა გადაამოწმოს ელექტრონულ ატესტატზე მითითებული ინდივიდუალური ნომრის მეშვეობით“, – აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში.

მათივე ცნობით, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – მატერიალური ატესტატის გაცემას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 2013 წლიდან ყოველწლიურად ახორციელებს. მიმდინარე წელს ატესტატების გაცემა 20 ივლისს დაიწყო.

„აქვე შეგახსენებთ, რომ სკოლადამთავრებულებს ატესტატის მატერიალურ დოკუმენტზე განაცხადის შეტანა და მზა დოკუმენტის მიღება, თუ პირს მაინც ექნება მატერიალური დოკუმენტის ხელზე ქონის სურვილი, შეუძლიათ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში, ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე, ამჟამად ქვეყანაში მოქმედი ჯავშნის სისტემის გვერდის ავლით. ამისათვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომრებზე – 599 465 426 ან 599 465 429 და შეათანხმონ სერვისის მიღების მიზნით იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში/სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მისვლის დრო.

სკოლადამთავრებულები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ მზა დოკუმენტებს – ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, უფასოდ მიიღებენ. დოკუმენტის დაჩქარებული წესით აღების სურვილის შემთხვევაში კი დაწესებულია შესაბამისი საფასურები. ატესტატის საფასურის გადახდის გარეშე მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (მთელი კვირის განმავლობაში, შაბათ-კვირის ჩათვლით)“, – ნათქვამია სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.