შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსი 4 თანამშრომელს დაუდასტურდა
ამობეჭდვა · 22 / 09 / 2020 12:45
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსი 4 თანამშრომელს დაუდასტურდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსი 4 თანამშრომელს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში გადავიდა და ტესტირება ჩაუტარდა.

„სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობა და სამუშაო სივრცეები. შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე.

შუახევის მერია განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად“, - ნათქვამია შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.