კორონავირუსით 23-ე გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო და მას გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები ჰქონდა
ამობეჭდვა · 22 / 09 / 2020 18:28
კორონავირუსით 23-ე გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო და მას გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები ჰქონდა

კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო. 60 წლის კაცი თავდაპირველად ქუთაისში, შემდეგ თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. 15 სექტემბერს ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს.

ლევან გოფოძის თქმით, ინფიცირებულის მკურნალობა სტაბილურად მიმდინარეობდა, თუმცა გუშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და პაციენტს გული გაუჩერდა.

მედიკოსების ჩარევით კაცს სიცოცხლის ნიშნები დაუბრუნდა. დღეს კი გულის შეტევა ისევ განმეორდა.

60 წლის კაცს კორონავირუსთან ერთად გულ-სისხლძარღვთა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აწუხებდა.

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.