აფბა: კომუნიკაციების კომისიის ბრძოლა „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ, აზარალებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და იმიჯს
ამობეჭდვა · 24 / 09 / 2020 13:50
აფბა: კომუნიკაციების კომისიის ბრძოლა „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ, აზარალებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და იმიჯს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“, მოუწოდებს  კომუნიკაციების კომისიას შეწყვიტოს ბრძოლა „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ, რათა კიდევ უფრო მეტად არ დააზარალოს ქვეყანა უცხოელი ინვესტორების თვალში. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში არაერთმა გავლენიანმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, დიპლომატმა თუ მედიასაშუალებამ გაავრცელა კრიტიკული განცხადება, სადაც საუბარი იყო „კავკასუს ონლაინის“ საქმეზე. თითოეული მათგანი აცხადებდა, რომ აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს და ღიად მიუთითებდნენ ხელისუფლებასა თუ მარეგულირებელ კომისიას, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, „კავკასუს ონლაინთან“ მიმართებაში, მნიშვნელოვნად აზარალებდა ბიზნესგარემოს და უარყოფითად აისახებოდა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე.

საერთაშორისო დონეზე, ასევე საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტს, რაც კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობდა. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ არაერთი განცხადება გაავრცელა, სადაც მოვუწოდებდით მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელებსა და პარლამენტის წევრებს არ დაეშვათ მსგავსი სახით კანონპროექტის მიღება. სამწუხაროდ, უამრავი მითითების მიუხედავად,  პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, სადაც არსებული არაერთი პუნქტი პირდაპირ ბიზნესის წინააღმდეგაა მიმართული, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და მნიშვნელოვნად აზარალებს ბიზნესგარემოს.

კერძოდ, კანონი ერთპიროვნულ და განუსაზღვრელ უფლებამოსილებებს ანიჭებს კომისიას, რომ ჩაერიოს ავტორიზებული პირის ბიზნესსაქმიანობაში და შეუზღუდოს სამეწარმეო თავისუფლება. სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ, ავტორიზებული პირი ნებისმიერი ქმედების განსახორციელებლად სპეციალური მმართველის ან/და კომისიის თანხმობას საჭიროებს, მიუხედავად იმისა, ექცევა თუ არა ასეთი ქმედება აღსასრულებელი გადაწყვეტილების (რომლის შესასრულებლადაც დაინიშნა სპეციალური მმართველი) ფარგლებში.

ასევე, სპეციალური მმართველს კანონით შეუსაბამოდ ფართო უფლებამოსილებები აქვს დადგენილი: დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი, ავტორიზებულ პირს შეუჩეროს, ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა. ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, ასეთი უფლებამოსილებები არც კონცენტრაციის პირობების დარღვევის და არც სპეციფიკური ვალდებულების დარღვევის შესახებ, კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების მიზანს არ ემსახურება. კანონში მითითებული უფლებამოსილება არ და ვერ უზრუნველყოფს მაგ. კომისიის ისეთი გადაწყვეტილების აღსრულებას, როგორიცაა ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ გასხვისებული წილების თავდაპირველ მდგომარეობაში აღდგენა. შესაბამისად, ასეთი უხეში ჩარევა კერძო სუბიექტის სამეწარმეო თავისუფლებაში შეიცავს მეწარმე სუბიექტისთვის და მისი კონკურენტუნარიანობისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხეს.

აღსანიშნავია, რომ  კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველისთვის ამ უფლებამოსილებების მინიჭება ნიშნავს კომპანიის, ინვესტიციებისა თუ აქტივის ექსპროპრიაციას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ საკუთრების უფლებას. მით უმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიღებულ კანონში სპეციალურად მიუთითა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაზე სასამართლოს მიერ სარჩელის მიღება ამ გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ შეაჩერებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხვაგვარად გადაწყვეტს.ფაქტობრივად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, აზრი დაუკარგა კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების კანონიერებაზე სასამართლო დავის წარმოებას, ფიქციად აქცია საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლება.

გარდა ამისა, უმრავლესობის წევრებმა და მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ იქნა მიღებული, რაც ფაქტობრივად ბიზნესში პირდაპირ ჩარევას გულისხმობს. ამავდროულად, „კავკასუს ონლაინის“ შემთხვევაში, ფაქტობრივად შეუძლებელია კომუნიკაციების კომისიის მიერ დროებითი მმართველის დანიშვნის შემთხვევაში,  მესამე პირების მიერ გასხვისებული წილების ნასყიდობის ტრანზაქციის უკან დაბრუნება.  შესაბამისად, თუ გადაწყდა კომპანიაში  სპეციალური მმართველის შემოყვანა, მისი საშუალებით, ფაქტობრივად, კომისია იკანონებს კომპანიაზე საკუთრების უფლებას, რაც წარმოადგენს ექსპროპრიაციას და ლახავს თავისუფალი ბიზნესის უფლებებს.

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს მარეგულირებელ კომისიას, დაასრულოს ბრძოლა „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ და პროცესები გადაიტანოს სამართლიან სასამართლოში, როგორც ეს ყველა განვითარებულ  და ცივილურ ქვეყანაში ხდება. სხვაგვარად, კიდევ უფრო მეტად დააზარალებს  ბიზნესგარემოს, შექმნის უარყოფით განწყობას საერთაშორისო დონეზე და რაც მთავარია, დააზარალებს სატელეკომუნიკაციო ბაზარს და იქ მოქმედ კომპანიებს, რომლებიც ვეღარ მოახერხებენ სათანადოდ განვითარებას.