აჭარის რეგიონში დღეიდან, 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
ამობეჭდვა · 25 / 09 / 2020 10:34
აჭარის რეგიონში დღეიდან, 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

აჭარაში დღეიდან 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უკავშირდება.

„აჭარაში დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა გახდა. 25 სექტემბერს 22:00 საათიდან რესტორნები აღარ იმუშავებენ, დაწესდება შეზღუდვა, ასევე აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება. 22:00 საათიდან რესტორნები იკეტება აჭარაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში რესტორნები მუშაობს. 22:00 საათიდან მთლიანად არ იკეტება, დღის განმავლობაში მუშაობს. ვადასთან დაკავშირებით შემდეგ მოგახსენებთ“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ეს არის მინიმალური შეზღუდვა, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებად დააზიანებს ბიზნესს და ადამიანებს, სამაგიეროდ ექნება შემაკავებელი ხასიათი. გაბუნიას განმარტებით, შეზღუდვების ვადა დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე, თუმცა ფიქრობს, რომ სავარაუდოდ შეზღუდვები ორი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, ვინაიდან კორონავირუსს სწორედ ორკვირიანი ციკლი ახასიათებს.