ხვიჩა მღებრიშვილის პირველი კომენტარი ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ
ამობეჭდვა · 25 / 09 / 2020 16:58
ხვიჩა მღებრიშვილის პირველი კომენტარი ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ამბობს, რომ ბრალდება, თითქოს ის ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, აბსურდია. ამის შესახებ მღებრიშვილმა გათავისუფლების შემდეგ გააკეთა კომენტარი.

“ღამურებთან დაკავშირებით სისულელეა, საიდანღაც მოაგონდათ… საჭიროა და ეგრე გააკეთეო, მეც გავაკეთე, სხვა გზა არ იყო”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მისი თქმით მან ცხივნალის საპატიმროში სხვა ქართველებიც ნახა და ისინი “კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან”.

მღებრიშვილის განმარტებით, ის მაშინ დააკავეს, როდესაც სოფელ არცევში მიდიოდა, სოფელთან მიახლოებისას კი დაიჭირეს და ცხინრვალში გადაიყვანეს. მისი თქმით, საპატიმროში მას კარგად ექცეოდნენ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 16 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით 3 ივლისს დააკავეს, დაინტერესებული იყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბინადარი ღამურებით, რომლებიც 5-10 ათას აშშ დოლარად უნდა გაეყიდა.

“საჭიროა განვმარტოთ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში გავრცელებული ღამურების პოპულაცია, 2012 წლის შემდეგ, ლუგარის სახელობის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინტერესს წარმოადგენს”, – ნათქვამია უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

დაკავებული ყვება, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თითო ღამურა 5-10 ათას დოლარად იყიდება, თბილისთან მცხოვრები ვინმე ზაზასგან აქვს, რომლის გვარიც არ ახსოვს.