„ქართული ოცნება“: საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო მისიების მუშაობა ქართული დემოკრატიის განმტკიცების პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს
ამობეჭდვა · 25 / 09 / 2020 18:45
„ქართული ოცნება“: საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო მისიების მუშაობა ქართული დემოკრატიის განმტკიცების პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს

„ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი მიესალმება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ, საქართველოში 2020 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის გახსნას და დარწმუნებულია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, საერთაშორისო მისიების მუშაობა ქართული დემოკრატიის განმტკიცების პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, - ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ 2012 წლის შემდეგ, ყველა არჩევნები სამართლიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ტარდება, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისა და სტრატეგიული პარტნიორების პოზიტიური შეფასებებიც ადასტურებს.

„ბუნებრივია, დემოკრატიას მუდმივად სჭირდება განმტკიცება და სრულყოფა, რისთვისაც „ქართული ოცნების“ მხრიდან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციითა და მათი ჩართულობით არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომელიც საარჩევნო პროცესს კიდევ უფრო გამჭვირვალესა და დემოკრატიულს გახდის. გლობალური პანდემიისა და ეპიდემოლოგიური ვითარების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი რაც შეიძლება მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ განახორციელოს. კიდევ ერთხელ მივესალმებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გადაწყვეტილებას და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე“ - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მმართველი გუნდის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ინტერესებშია, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი.

საქართველში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს IRI-ის წარმომადგენლებიდააკვირდებიან.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტი და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში სადამკვირვებლო მისიას ხსნის.

როგორც ცნობილია, არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტთან დაკავშირებით კონკრეტული პროტოკოლი შემუშავდება.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.