გიორგი გახარია - აუცილებლად უნდა გაგახსენოთ გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის სახელები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს
ამობეჭდვა · 25 / 09 / 2020 19:25
გიორგი გახარია - აუცილებლად უნდა გაგახსენოთ გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის სახელები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს

აუცილებლად უნდა გაგახსენოთ გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის სახელები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს საზოგადოებას საქართველოს მოქალაქეების სახელით მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს.

„აუცილებლად უნდა გაგახსენოთ ჩვენი მოქალაქეების – გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის სახელები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას. საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ის, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს შეთანხმება. მოვუწოდებთ რუსეთს, კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც გაერო-ს, ეუთოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განვიხილავთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორიცაა – რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენება, ჯარების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.