ამირან გამყრელიძე - ყველაზე მეტად საყურადღებოა 3 რეგიონი, მათ შორის დედაქალაქი, სადაც კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ამობეჭდვა · 14 / 10 / 2020 11:50
ამირან გამყრელიძე - ყველაზე მეტად საყურადღებოა 3 რეგიონი, მათ შორის დედაქალაქი, სადაც კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორის დედაქალაქი, სადაც კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამყრელიძემ განაცხადა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე ცხელი წერტილი ქვეყანაში იყო აჭარა, სადაც მუდმივად ფიქსირდებოდა მაღალი მაჩვენებელი, აჭარაში თანდათან არის ნიშნები სტაბილიზაციისკენ.

„დღევანდელი დილით 680 შემთხვევიდან, 189 არის აჭარაში, რომელმაც დაიკავა საერთო ინფიცირების 28 პროცენტი. მოგეხსენებათ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აჭარაზე მოდიოდა ძირითადად 65-დან 70% პროცენტი ინფიცირებისა, მაგრამ ინფექცია გამოვიდა აჭარის გარეთ. დღეს ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორის დედაქალაქი, მთავარი სადაც დღეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 297 შემთხვევა, რამაც მოიცვა 44 პროცენტი ახალი შემთხვევების. ასევე, მაღალი ინფიცირების მაჩვენებელია იმერეთში, რომელიც ძირითადად ქუთაისზე მოდის. აქ გვაქვს 150 ახალი შემთხვევა, ანუ საერთო ინფიცირების 22 პროცენტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთბის, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 680 შემთხვევა დაფიქსირდა და 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 3521 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 7 159​​ პაციენტი და გარდაიცვალა 109 ადამიანი.