ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თბილისში შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის
ამობეჭდვა · 14 / 10 / 2020 12:32
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თბილისში შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო შეზღუდვების დაწესების თაობაზე მსჯელობა გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

როგორც ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, საჭიროების შემთხვევაში რეგულაციები იქნება მიღებული, რომელიც ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას უზრუნველყოფს.

„ვიმსჯელეთ საბჭოზე ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილკება მიღებული არ არის. კვლავ მივდივართ ლოკალური შეზღუდვებით. ვინაიდან ასეთი შეზღუდვები კარგად მუშაობს, როგორც სკოლების მაგალითზე, ასევე სხვა ინსტიტუციების მაგალითზე. თუმცა მსჯელობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ იმ საჭირო რეგულაციას, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდკვლევები კვლავ მიმდინარეობს და ინფიცირებულთა გამოვლენა ძირითადად სწორედ კონტაქტების მოძიებით ხდება.

„ეპიდკვლევები მიმდინარეობს 24-საათიანი რეჟიმით და ეს არ შემწყდარა და არც მომავალში შეწყდება. რა თქმა უნდა, გვაქვს გამოკვეთილი კლასტერები და საყურადღებოა ის, რომ ჩვენ ვახდენთ კოტაქტების იდენტიფიცირებას და ძირითადი გამოვლენა სწორედ კონტაქტებიდან გამომდინარე გვაქვს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთბის, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 680 შემთხვევა დაფიქსირდა და 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 3521 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 7 159​​ პაციენტი და გარდაიცვალა 109 ადამიანი.