თბილისში COVID-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრებს აკონტროლებენ
ამობეჭდვა · 16 / 10 / 2020 13:00
თბილისში COVID-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრებს აკონტროლებენ

თბილისში COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა კონტროლი მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ცნობით, ამ მიზნით მეტროსადგურებთან ინტესიურ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები აწარმოებენ.

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს პროცესში მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ვახორციელებთ პირბადეების კონტროლს თბილისის მტროპოლიტენში. ყველა ჩასასვლელში დგანან თბილისის სატრანსპორტო კომპანიის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეების კონტროლი მიმდინარეობს, რამდენად იყენებენ ისინი პირბადეებს. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს თან არ აქვთ პიბადე, მას ჩვენ ვაძლევთ.

პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამდენადაც მათი მხარდაჭერა და თანადომა ამ პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მოქალაქეებს ვთხოვთ, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ყურადღება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის და დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი.