ილჰამ ალიევი: თურქეთის მონაწილეობის გარეშე ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება შეუძლებელია
ამობეჭდვა · 16 / 10 / 2020 18:19
ილჰამ ალიევი: თურქეთის მონაწილეობის გარეშე ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება შეუძლებელია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თურქეთის მონაწილეობის გარეშე ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირება შეუძლებელია.

„თურქეთი რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ყოფილიყო, ეს საკითხი უკვე დარეგულირებული იქნებოდა. ამიტომაც ვამბობთ, რომ თურქეთის გარეშე ეს საკითხი ვერ გადაწყდება. არ ვამბობ, რომ მინსკის ჯგუფი წარსულში უნდა დარჩეს. იმუშაონ, თუმცა 30 წლის განმავლობაში ვერაფერს მიაღწიეს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თურქულ ტელეარხ A Haber-თან ინტერვიუში.

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების სომხეთის ტერიტორიაზე გადატანის გეგმები არ აქვს.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.