მიხეილ სააკაშვილი - „ნაცმოძრაობის“ შეკრება ბათუმში იყო მასშტაბური და ამაღელვებელი, საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებთ, თუმცა ეს მოხდება ყველა რეგულაციის დაცვით
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2020 15:54
მიხეილ სააკაშვილი - „ნაცმოძრაობის“ შეკრება ბათუმში იყო მასშტაბური და ამაღელვებელი, საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებთ, თუმცა ეს მოხდება ყველა რეგულაციის დაცვით

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ბათუმში გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება "ურცხვად ცდილობს ხელები დაუცველ ხალხს შეაწმინდოს".

"ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო მასშტაბური და ამაღელვებელი. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, თითქოს ენმ გაქრა რადარებიდან, პარტიამ რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება განახლებული რესურსებით. გუშინდელი ხალხმრავალი აქცია გამოხატავდა გამარჯვებული პარტიის სულისკვეთებას.

რაც შეეხება ეპიდემიის გავრცელების საშიშროების დაკავშირებას გუშინდელ აქციასთან, ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ განაპირობა ინფიცირებულების ზრდა. მაშინ, როცა ხალხი ყველაზე მკაცრი აკრძალვებით გამოკეტეს სახლებში, ვალდებულნი იყვნენ ეზრუნათ მეორე ტალღის რისკებზე, რაც არ გააკეთეს და ახლა ურცხვად ცდილობენ დაუცველ ხალხზე ხელების შეწმენდას.

აქვე საგანგებოდ მინდა ავღნიშნო, რომ ენმ გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას, თუმცა ეს მოხდება ყველა რეგულაციის დაცვით.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, გავუფრთხილდეთ ჩვენ ქვეყანას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში 16 ოქტომბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშიამ" აქცია გამართა, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს.