თენგიზ ცერცვაძე - ქვეყნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მაშინ მიიღება, როცა შემთხვებები იმდენად მოიმატებს, რომ ვერ შევძლებთ მის ადეკვატურ მართვას
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2020 19:22
თენგიზ ცერცვაძე - ქვეყნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მაშინ მიიღება, როცა შემთხვებები იმდენად მოიმატებს, რომ ვერ შევძლებთ მის ადეკვატურ მართვას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო ქვეყნის ჩაკეტვისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როცა ჯანდაცვის სექტორი ვეღარ შეძლებს კორონავირუსით ინფიცირებულების ადეკვატურ მართვას.

როგორც ინფექციონისტმა "პირველ არხთან" განაცხადა, ამ ეტაპისთვის არ არის შემთხვევები, რომ ჰოსპიტალიზაციის გარეშე დარჩეს ის, ვისაც ეს სჭირდება.

„ამის ინდიკატორი იქნება ის, როცა შემთხვებები იმდენად მოიმატებს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ მის ადეკვატურ მართვას, ანუ, როდესაც ექიმების ტესტირების რესურსი და ჰოსპიტალური სექტორის რესურსი არ ეყოფა ამას. ეს იქნება 1 500-ზე, 2 000-ზე, თუ 3 000-ზე, წინასწარ ამის თქმა შეუძლებელია. ახლა ყოფნის, 3 000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული. ვერ გეტყვით, რომ ახლა საწოლები თავზე გადაგვდის და ცარიელია, მაგრამ პრაქტიკულად, არ არის შემთხვევები, როდესაც ჰოსპიტალიზაციის გარეშე რჩებოდეს ის, ვისაც ეს სჭირდება. ასეთი შემთხვევები იყო ერთეული, რომ რამდენიმე საათით დაიგვიანა ჰოსპიტალიზაციამ, ან შეიძლება, მაქსიმუმ ერთი დღით. ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად კონტროლქვეშ არის ყველაფერი და ქვეყანა თავს ართმევს ამ მართვას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 7 827 პაციენტი და გარდაიცვალა 128 ადამიანი.