გიორგი გახარია - ვირუსთან ბრძოლაში ცალკე ვერავინ გაიმარჯვებს, კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა არის ერთადერთი გამოსავალი
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2020 13:43
გიორგი გახარია - ვირუსთან ბრძოლაში ცალკე ვერავინ გაიმარჯვებს, კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა არის ერთადერთი გამოსავალი

ცალკე ვირუსზე ვერავინ გაიმარჯვებს, ვერც ეპიდემიოლოგები, ვერც ექიმები, ვერც მთავრობა, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, ვერც პოლიცია და ვერავინ. კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა ვირუსის წინააღმდეგ არის ერთადერთი გამოსავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მხარეს აქვს თავისი ფუნქცია და ყველამ ერთად უნდა შეძლოს ისეთი თანაცხოვრება, როცა გაუფრთხილდებიან ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მიაღწევენ სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას.

„რაც შეეხება ბალანსს – ამ ბალანსში ყველა მხარეს აქვს თავისი ფუნქცია და მოვალეობა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მე ვამბობდი, რომ ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვირუსს ვერ დაამარცხებს, ვინაიდან ეს გლობალური გამოწვევა და გლობალური პანდემიაა. როდესაც ვამბობთ ქვეყანაზე, ქვეყნის შიგნით რომ გადმოვიდეთ, ვერავინ ცალკე ვირუსზე ვერ გაიმარჯვებს, ვერც ეპიდემიოლოგები, ვერც ექიმები, ვერც მთავრობა, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, ვერც პოლიცია და ვერავინ. კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა არის ერთადერთი გამოსავალი ვირუსის წინააღმდეგ, რათა ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი თანაცხოვრება იყოს ნორმალური, ისეთი, რომ გავუფრთხილდეთ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და, რა თქმა უნდა, მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას,“- განაცხადა პრემიერმა.