ფონდმა „ქართუმ“ თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2020 14:49
ფონდმა „ქართუმ“ თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პარკი 36 ჰექტარზე განთავსდება და მისი მოწყობისთვის სახსრებს ფონდი „ქართუ“ გაიღებს. 

მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად გაეცნო. 

კახა კალაძის თქმით, ორ წელიწადში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი იქნება გაშენებული. 

„აქ მოეწყობა ცენტრალური პარკი, რომელიც არის ფონდ „ქართუს“ საჩუქარი ქალაქისთვის. ძალიან მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. კიდევ ერთი, ძალიან დიდი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება ქალაქში, სადაც ყველა თაობის ადამიანი დაისვენებს. სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება. ტერიტორია მთლიანად არ ჩაიკეტება, რადგან დღესაც ბევრი ადამიანი სარგებლობს. პროექტი რამდენიმე ათეული მილიონი ჯდება. სამუშაოები დაიწყო და ვულოცავ თბილისს. დღეიდან 2 წელი დაჭირდება ამ პროექტის დასრულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე. 

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით,  ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი. 

 

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას ხელი 5 ოქტომბერს მოეწერა.