ეს უკვე სახელმწიფო აღარ არის, რუსულად რომ ვთქვათ "პრახადნოი დვორია" - გიორგი ბარამიძე ზუგდიდის სპეცოპერაციაზე
ამობეჭდვა · 22 / 10 / 2020 17:10
ეს უკვე სახელმწიფო აღარ არის, რუსულად რომ ვთქვათ "პრახადნოი დვორია" - გიორგი ბარამიძე ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ "დღის კურიერის" ეთერში გუშინ, ზუგდიდის ცენტრში მომხდარ სპეცოპერაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ თავდამსხმელი აშკარად გამოცდილი იყო და მას ყველაფერი კარგად დაგეგმილი ჰქონდა.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე მომხდარი ტერაქტად შეაფასა, თავდამსხმელს კი, ტერორისტის კვალიფიკაცია მისცა.

გიორგი ბარამიძემ, ყურადღება თავდამსხმელის ქმედებებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მან ქართულ დროშას, განზრახ მიაყენა შეურაცხყოფა, რაც მისივე თქმით, ქართველი სამხედროების შეურაცხყოფაც არის.

"აუცილებლად უნდა აღინიშნოს 2 რამ, სასიამოვნოა, რომ ამ ყველაფერს მსხვერპლი არ მოჰყვა და ასევე აღსანიშნავია პოლიციელის ვაჟკაცური მოქმედება, მაგრამ თუ მხოლოდ ამას დავისახავთ მიზნად, გამოდი რომ ნებისმიერი ბოროტმოქმედი, ვინც ასეთ რამეს ჩაიფიქრებს, კმაყოფილი უნდა ვიყოთ იმით, რომ მას ფულს მივცემთ და გავუშვებთ. ამას უკვე სახელმწიფო ვერ აუვა და ჩამოგვეშლება. ეს უკვე სახელმწიფო აღარ არის, რუსულად რომ ვთქვათ, ეს "პრახადნოი დვორია". ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ტერორისტი და ბოროტმოქმედი დაკავებული იქნება. მე მას ტერორისტის კვალიფიკაცია მივეცი გუშინ, რადგანაც ამის ყველა ნიშანს ატარებს. მაგალითად, როდესაც ბოროტმოქმედი ქართულ დროშას ასეთ უხეშ შეურაცხყოფას აყენებს, ის დიდი ალბათობით სამხედროა და გამოცდილია ყველაფერში. ამით კი შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენს სამხედროებს და პატრიოტ ადამიანებს.

მე არ ვიცი მისი მთავარი მიზანი რა იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ტერაქტი იყო. ის არ არის უბრალო მძარცველი. თუკი ეს ადამიანი მხოლოდ ფულადი და პირადი ინტერესებით არ იმართებოდა და მის უკან რაღაც ძალები დგას, აშკარაა, რომ ეს ძალები სახელმწიფოს მადესტაბილიზირებელია. ამასთან, გაჩნდა კითხვები, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რასაც პასუხი გაეცა მაშინ, როდესც როგორც ჩანს გადაკვეთა ეს ხაზი. ის, რომ სახელმწიფო არ შედგა და როგორც ივანიშვილი იტყოდა პატარა სოფელი ვართ, სწორედ ეს სჭირდება რუსეთს და ეს მათი ოცნებაა," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.