კახა კალაძე: მინდა, მივმართო ჩვენს მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ პროვოკაციებს
ამობეჭდვა · 28 / 10 / 2020 18:22
კახა კალაძე: მინდა, მივმართო ჩვენს მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ პროვოკაციებს

კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენ მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს მივმართო ნაძალადევის რაიონიდან, ჩვენ გამარჯვებამდე დარჩა სამი დღე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ისინი არ გამორიცხავენ, რომ უპასუხისმგებლო, პოლიტიკური ძალები გარკვეული პროვოკაციების მოწყობას შეეცდებიან.

„მინდა ყველას გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ უპასუხისმგებლო, კონკრეტული პოლიტიკური ძალები შეეცდებიან გარკვეული პროვოკაციები მოაწყონ, როგორც მათ სჩვევიათ არჩევნების წინ და მინდა გთხოვოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ პროვოკაციებს. პირიქით, მშვიდად, დინჯად, როგორც ეს სჩვევია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ზუსტად ასეთი სიმშვიდით უნდა გავიმარჯვოთ 31 ოქტომბერს. არ იფიქროთ, რომ ეს იქნება მხოლოდ ჩვენი, პარტიული გამარჯვება, ან კანდიდატის გამარჯვება. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.