იმედია, რომ ბევრი თქვენგანი იტყვის სიმართლეს და გაემიჯნება ამ უბედურებას - სააკაშვილი ქართველ დიპლომატებს მიმართავს
ამობეჭდვა · 07 / 11 / 2020 18:14
იმედია, რომ ბევრი თქვენგანი იტყვის სიმართლეს და გაემიჯნება ამ უბედურებას - სააკაშვილი ქართველ დიპლომატებს მიმართავს

ივანიშვილს შანსი არ აქვს, რომ ასეთი გაყალბების მასშტაბზე, შეინარჩუნოს ხელისუფლება. ივანიშვილი არის დამთავრებული. მაგრამ, ეს გადასვლა რომ იყოს მაქსიმალურად მშვიდობიანი, წყნარი, თითოეული თქვენგანის როლი შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, - ასე საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში აკრედიტირებულ ქართველ დიპლომატებს. 

"მინდა, მივმართო უცხოეთში აკრედიტირებულ საქართველოს დიპლომატებს, პრაქტიკულად, საქართველოს ყველა საელჩო, რომელშიც თქვენ მუშაობთ, მათი 90% გახსნილია იმ დროს, როცა მე ვიყავი პრეზიდენტი, თითოეულ ამ საელჩოში ჩადებულია მთელი გული, ენერგია და ისინი არიან ჩაფიქრებული როგორც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობები და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, ძალის ან მითუმეტეს ერთი ადამიანის.

თქვენ ნახეთ, რა მოხდა საქართველოში, თუ პირველ ერთ-ორ დღეში შეიძლება რამე ეჭვი კიდევ გვქონოდა, რომ მართლა ხომ არ მოიგო ივანიშვილმა და მართლა ხომ არ აბუქებს რამეს სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები, ახლა როცა გამოდის ციფრები, ოქმები, ვიდეო მასალები, საერთოდ ეჭვი არ ეპარება არავის უკვე, მათ შორის ჯერჯერობით მმართველ ჯგუფში, რომ არჩევნები ტოტალურად მოპარულია.

მაგალითად, ბათუმში არის გაყალბებული 70-80%-ით, წყალტუბოში ნანუკა ჟორჟოლიანი სადაც იყრიდა კენჭს, გაყალბებულია 50% -ით დაახლოებით, საბურთალოში გაყალბებულია დაახლოებით 50-60%-ით და უამრავ სხვა ადგილზე. პრაქტიკულად ყველგან არის გაყალბებული.

ასეთი მასშტაბის მოპარვა მე მახსენდება ბოლოს ზიმბაბვეში. თქვენ გინდათ, რომ ზიმბაბვეს და მუგაბეს წარმომადგენლები იყოთ უცხოეთში? ამიტომ მინდა, მოგმართოთ თქვენ, თქვენ ხართ ქართველები, თქვენ ხელფასს გიხდით საქართველოს მოსახლეობა, ისინი არიან გადასახადის გადამხდელები, თქვენ უნდა წარმოადგინოთ სრულიად საქართველო მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა.

პირველ რიგში, იმედია, რომ ბევრი თქვენგანი იტყვის სიმართლეს და გაემიჯნება ამ უბედურებას ისე, როგორც ეს ქნა გუშინ საარჩევნო კომისიის ძალიან მნიშვნელოვანმა წევრმა ბურდულმა, ისევე როგორც ეს თქვა გიგი გიგიაძემ ივერი მელაშვილს როცა დაუდგა გვერდზე, მაგრამ თუ ამის უნარი ჯერ არა გაქვთ, მინიმუმ შეწყვიტეთ ყალბი ინფორმაციის გავრცელება, ტირაჟირება, რომელსაც გაწვდიან „ქართული ოცნების" შტაბიდან. ეს არ ემსახურება სიტუაციის მშვიდობიან და წყნარ გადაწყვეტას.

ივანიშვილს შანსი არ აქვს, რომ ასეთი გაყალბების მასშტაბზე, შეინარჩუნოს ხელისუფლება. ივანიშვილი არის დამთავრებული. მაგრამ, ეს გადასვლა რომ იყოს მაქსიმალურად მშვიდობიანი, წყნარი, თითოეული თქვენგანის როლი შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა გიხმობთ არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, არამედ სამშობო. იმედი მაქვს თქვენი პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმის და სინდისიერების", - აცხადებს სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.