"ყველაზე მაგარი სომეხია პაშინიანი. განწირული იყო ყარაბახით დაბმული სომხეთი..." - დავით ბერძენიშვილი
ამობეჭდვა · 10 / 11 / 2020 11:28
"ყველაზე მაგარი სომეხია პაშინიანი. განწირული იყო ყარაბახით დაბმული სომხეთი..." - დავით ბერძენიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ნიკოლ პაშინიანმა, ნებსით თუ უნებლიედ, ამხელა ყარაბახული ტვირთისგან, მარწუხებისგან გაათავისუფლა მეტწილად სომხეთი.. ბევრი წელი დასჭირდებათ სომხებს ამის გასაცნობიერებლად... ბევრია სომხებში წარსულზე ორიენტირებული ხალხი. მაგრამ, ახალგაზრდები იქაც უფრო დასავლელები არიან. რუსებმა კი გაიჩინეს კიდე ერთი სამხედრო კერა სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ რუსეთის მოსალოდნელი მინგრევის( ეს ათწლეული მეიმედება) პროცესში დაიჟანგება რუსული ტანკები სამივე ქვეყანაში...

აგრესიული ხალხი ერევანში პარლამენტში შევარდა, ამჟამად "მხოლოდ" დაარბია, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე არ დაუხოცავთ... ჯერჯერობით?(((

ყველაზე მაგარი სომეხია პაშინიანი. განწირული იყო ყარაბახით დაბმული სომხეთი...

P.S. აღარც აქვს არსებითი მნიშვნელობა, შეინარჩუნებს თუ არა ნიკოლ პაშინიანი ხელისუფლებას. მან სიმართლეს გაუსწორა თვალი, იომა და როგორც მოსალოდნელი იყო, მარცხდებოდა. გაბედა და გაუბედავი ტერ- პეტროსიანისგან განსხვავებით, ადეკვატურად მოიქცა. სტეპანაკერტი, ლაჩინის დერეფანი სომხურ/ რუსული კონტროლით ჯერჯერობით შეინარჩუნა.
ტერ - პეტროსიანმა ვერც ხელისუფლება შეინარჩუნა და ორ ათეულ წელზე მეტიც დააკარგინა სომხეთს. სიმართლე ესაა, ჩემი აზრით.

პაშინიანის ახალგაზრდობისდროინდელი სტატია რამდენიმე კვირის წინ აქ გამოვაქვეყნე.. წარსულის და წინაპრის ტყვეობიდან გავთავისუფლდეთო, წერდა", - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბრის ღამეს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესხებ შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმების თანახმად, 10 ნოემბრიდან უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები; მხარეებმა უნდა გაცვალონ სამხედრო ტყვეეები; აღდამის რაიონი აზერბაიჯანს 2020 წლის 20 ნოემბრისთვის, ქალბაჯარი - 15 ნოემბრისთვის, ლაჩინი კი 1-ელი დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნდეს;

გარდა ამისა, მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი მცირე ზომის იარაღით აღჭურვილი 1 960 სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტექნიკითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით განლაგდება.